შეძლებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება ამნისტიის კანონპროექტზე შეჯერებას - მხარეები შეხვედრას მართავენ

27.05.21 11:33
შეძლებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება ამნისტიის კანონპროექტზე შეჯერებას - მხარეები შეხვედრას მართავენ

შეძლებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შეჯერებას - საკითხზე მხარეები დღეს იმსჯელებენ. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მმართველი გუნდისა  და ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის, თქმით, ოპოზიცია კომპრომისს არ განიხილავს. მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს ოპოზიციის მიერ წარდგენილ დოკუმენტს. 

არანაირ სხვა კომპრომისს ჩვენ არ განვიხილავთ. „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, დაუჭიროს მხარი ჩვენს კანონპროექტს, რომელიც სრულად ასახავს შეთანხმებას, რომელსაც მივაღწიეთ, ან მაშინ თვითონ დარჩება საკუთარ კანონპროექტთან მარტო და მიიღებს იმ ვერსიას, რომელიც მას უნდა, ოღონდ,  ცხადია, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

„ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი, კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ თანხვედრაშია. მისი თქმით, მხარეებს შორის ერთ დოკუმენტზე შეჯერების საშუალება ჯერ კიდევ არსებობს.

„ქართული ოცნების“ მიწერ წარმოდგენილი კანონპროექტი არის აბსოლუტურ თანხვედრაში, მთლიანად შეესაბამება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ სულისკვეთებას. რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება მცდელობა იმის, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ერთობლივი დოკუმენტი შექმნან, თუ არადა, საგნობრივი მოესმენა უკვე მეორე მოსმენაზე შედგება. ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს და არის იმის რესურსი, რომ მხარეები კვლავ დაუბრუნდნენ სადავო პუნქტებს და შეძლონ პოზიციების დაახლოება, - ამბობს  მათიკაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ერთ დოკუმენტზე ვერ შეჯერდებიან, სესიაზე განსახილველად ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი გავა. 
 

მსგავსი სიახლეები