მსჯელობა უშედეგოდ დასრულდა - "ოცნება" და ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეჯერდნენ

27.05.21 13:47
მსჯელობა უშედეგოდ დასრულდა - "ოცნება" და ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეჯერდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამნისტიის კანონპროექტზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. უმრავლესობა სესიაზე საკუთარ კანონპროექტს გაიტანს, რასაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. დეპუტატების ინფორმაციით,  აღნიშნული დოკმენტის პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით  პოზიციების დაახლოვებაზე მსჯელობა გაგრძელდება. 

ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე და მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტი არის სრულ შესატყვისობაში შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. განსხვავებები რჩება. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მეორე მოსმენისას იქნება გათვალისწინებული რიგი შენიშვნებისა, რომელიც იქნა გამოთქმული, მაგრამ დღეს პირველი მოსმენისთვის ისინი აპირებენ თავიანთი პროექტის გამოტანას, რომელშიც გათვალისწინებული არ იქნება ჩვენი შენიშვნები, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ლევან იოსელიანის, ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მხარეებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კომპრომისული ვერსია შესთავაზა. იოსელიანი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, მხარეების სწორედ ამ ვერსიაზე შეჯერდებიან. 

პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შემოთავაზებული ვერსია, რომელიც ჩემი აზრით, არის კომპრომისული, რომელიც ორივე მხარის ინტერესს რაღაც თვალსაზრისით აბალანსებს. ვფიქრობთ, რომ ამ ვერსიის განხილვა ღირს და ამ ვერსიაზე მოგვიწევს მსჯელობა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ვერსიაზე საბოლოოდ შევთანხმდებით, - ამბობს ლევან იოსელიანი. 

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხები უცვლელი რჩება: 1. ამნისტიის გასავრცელებლად დაზარალებულის თანხმობა უნდა იყოს საჭირო. 

2. არ უნდა იყოს კონკრეტული პირის თანხმობა აუცილებელი იმისთვის, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტია. 

3. ამნისტია უნდა გავრცელდეს უკვე აღძრულ საქმეებზე.
 

მსგავსი სიახლეები