"პუტინისკენ მიმავალი გზა, მისი ოცნების ასრულების მორიგი საცეცი" - ოპოზიცია ვასაძეზე
კრემლის ახალი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში - ასე აფასებს ოპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკური მოძრაობა "ერის" ლიდერის, ლევან ვასაძისა და პუტინის მთავარ იდეოლოგის, დუგინის, რუსეთში შეხვედრას.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში ლევან ვასაძის ადგილი არ არის:
ეს არის ღია დეკლარირება იმისა, რომ ლევან ვასაძე ატარებს ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატეობრივ პოზიციას საქართველოში. ის არ ერიდება ყველაზე დისკრედიტირებულ პირთან, საქართველოს მტერთან - დუგინთან ურთიერთობას. ის აკეთებს ამას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეს სიმბოლურია. მე მაგალითად, არ მივცემდი უფლებას არჩევნებში მიეღო მონაწილეობა"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
ფრაქცია "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი, კი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნული ვიზიტით უნდა დაინტერესდეს.
ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც შეიძლება ეფიქრებოდეს ვასაძეზე და მის პოლიტიკურ ძალაზე, უნდა იცოდეს, რომ ის არის პუტინისკენ მიმავალი გზა და პუტინის ოცნების ასრულების მორიგი საცეცი. რუსეთი ცდილობს, მეხუთე კოლონა მუდმივად იყოლიოს და მუდმივად სახეები უცვალოს მათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რას აკეთებს სახელმწიფო ინსტიტუციები, რას აკეთებს მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გამოკითხავს თუ არა ვასაძეს, რაზე შეხვდა პუტინის მთავარ იდეოლოგს?!"- თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
"ევროპული საქართველოში" კი აღნიშნავენ, რომ კრემლი ამჯერად ლევან ვასაძეზე დებს ფსონს.
რუსეთი მუდმივად ცდილობს, საქართველოში თავისი დასაყრდენი იპოვოს ქართულ პოლიტიკაში და დუგინი, რომელთანაც ვასაძეს ამ ტიპის შეხვედრა ჰქონდა, დამოუკიდებლობის დღეს და საერთოდ, ვფიქრობ რომ ნათელია, რაზე აკეთებს რუსეთი აქცენტს და და ამ შემთხვევაში რაზე დადებს ფსონს. იმისთვის რომ თავისი ამოცანები შეასრულოს"- თქვა გიგი წერეთელმა.