ვინ არის მღვდელი, რომლის ფოტომაც მსოფლიო მედია მოიარა
ვინ არის მღვდელი, რომლის ფოტომაც მსოფლიო მედია მოიარა და ერთი კვირის წინ თბილისში მოძალადეებთან ერთად არბევდა? - ფოტოგრაფმა ზურა ცერცვაძემ ბერ-მონაზონი, პაატა კუპრეიშვილი ლისზე გადაიღო, სადაც თავისუფალი ადამიანების თავყრილობა დაარბიეს.
ირკვევა, რომ სასულიერო პირი პრორუსულ, ძალადობრივ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, მარტვილიდან ჩამოვიდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პაატა კუპრეიშვილი მეუფე სტეფანემ დასაჯა, თუმცა არა იმიტომ რომ ადამიანებს არბევდა, არამედ იმიტომ რომ დედაქალაქში წასვლის კურთხევა არ ითხოვა.
სინოდის წევრის თქმით, მონაზონს ნებართვა რომ ეთხოვა, აქციაზე გაუშვებდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კუპრეიშვილი ძალადობრივ აქციაში მონაწილეობს. სასულიერო პირი 2 წლის წინ, 5 ივლისს ქუჩაში იდგა, როცა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებულმა ჟურნალისტმა, მირანდა ბაღათურიამ ეს უკანასკნელი პირადად ამოიცნო, თუმცა მაშინ კუპრეიშვილის საქმე მიჩქმალეს.
ბერ-მონაზონი კი ამ საკითხზე კომენტარისას ამტკიცებს, რომ ლაშქარავა ცხოვრებაში არ უნაცავს. "არ ვიყავი პარლამენტის უკან, ასეთი რამე (ლექსოს ცემა) არ მინახავს" - ამბობს სასულიერო პირი.
კუპრეიშვილი ფიგურირებს რამდენიმე წლის წინ, მარტვილის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტში, როცა ჟურნალისტები აივნიდან გადმოყარეს და რა დროსაც "ტვ პირველის" სამეგრელოს ჯგუფის ოპერატორი მძიმედ დაშავდა.
ბერ- მონაზონი აცხადებს, რომ ლისზე ის საკუთარი სურვილით და გადაწყვეტილებით წავიდა. დასჯილი სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ფოტოზე ასახული პირი ის არ არის. საპირისპიროს ამტკიცებს მეუფე სტეფანე, მაღალი იერარქი "ტვ პირველს" ეუბნება, რომ კუპრეიშვილი "წაიქცა" და ფოტო ასე "სპეციალურად გადაუღეს".
რაც შეეხება 5 ივლისის საქმეს და ლექსო ლაშქარავას საქმეს - მეუფე სტეფანე ადასტურებს, რომ 2 წლის წინ მისი უშუალო ლოცვა-კურთხევით მთელი ეპარქია თბილისში, "ღირსების მარშის" გასაპროტესტებლად იყო ჩამოსული.
რაც შეეხება ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტს და ინცინდენტში პაატა კუპრეიშვილის მონაეილეობას, მეუფე სტეფანე ამას "ჭორს და მოგონილ ინფორმაციას" უწოდებს.
"ლაშქარავა არავის მოუკლავს, თქვენ მოკალით ლექსო ლაშქარავა" - უთხრა მან "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს.