ვასაძე არა პრორუსულ, არამედ საქართველოს პოლიტიკას ატარებს – “ოცნების” დეპუტატი
"ვასაძე პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, ატარებს საქართველოს პოლიტიკას" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დავით კაჭარავამ ლევან ვასაძისა და პუტინის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შეხვედრის შეფასებისას ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ის პოლიტიკური მოძრაობა "ერის" ლიდერს იცნობს და პატივს სცემს.
ის, რომ დუგინს ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა.
კაჭარავა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გზა, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკან წაიყვანს და საქართველო არ დაზარალდება, მისთვის მისაღებია.
ლევან ვასაძის რუსეთთან ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია, მას ბევრი რამ აკავშირებს იქ, აქვს თავისი კონტაქტები, აქედან გამომდინარე, რა სახის საუბარი ჰქონდა ბატონ ლევანს, ეს მას უნდა ჰკითხოთ და მასთან გაარკვიოთ. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი მანამდეც შეხვედრია ამ ადამიანს და მანამდეც უსაუბრია”, - განაცხადა კაჭარავამ.
მისივე განცხადებით, ვასაძე არა პრორუსული, არამედ საქართველოს პოლიტიკის გამტარებელია.
პრორუსული პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია, ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი გზა, რომელიც საქართველოს გამოადგება, საქართველოს ინტერესებში წარმოდგენილი ნებისმიერი გზა, ჩემთვის მისაღებია. საქართველოს ინტერესები არის პრიორიტეტი. ჩემი აზრით, ბატონი ლევანი პრორუსულ პოლიტიკას არ ატარებს, ის ატარებს საქართველოს პოლიტიკას და მისთვის ყველა ინსტრუმენტი, ალბათ, მისაღებია”, - განაცხადა კაჭარავამ.