„ქართული ოცნების" დეპუტატი Facebook-ზე ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა - Factcheck
,,ქართული ოცნების" დეპუტატი ხულოდან, ნუგზარ სოლომონიძე, ჟურნალისტ ნაზი რეხვიაშვილს ემუქრება - ინფორმაციას მედიაპროექტი ,,ფაქტ-მეტრი" ავრცელებს.
საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ TV 25-ისთვის მიცემული ინტერვიუს Factcheck-ზე გაზიარებამ.
ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე Facebook-ზე ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა. საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ "TV 25-ისთვის" მიცემული ინტერვიუს სოციალურ ქსელში გაზიარებამ.
ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: „მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ.“ ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას, ჟურნალისტებს დაემუქრნონ, დაისაჯონ კანონის შესაბამისად. ფაქტ-მეტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. ასევე, ჩვენი ანალიტიკოსი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი განცხადებით - აღნიშნულია ,,ფაქტ-მეტრის" განცხადებაში.
ჟურნალისტი ნაზი რეხვიაშვილი წერს, რომ "მედიაზე თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება არის სიმდაბლე, დანაშაული და უღირსი საქციელი, განსაკუთრებით პოლიტიკოსისა და საჯარო პირის მხრიდან".