მიზანია, გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა - სარჯველაძე „ალტ ინფოს“ წევრების შესაძლო დასანქცირებაზე
მიზანი არის გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა, - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარების ინიციატივას, რომ საქართველოში „ალტ ინფო“ და მისი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია დასანქცირდნენ.
ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რეპუტაციული თვალსაზრისით, ეს ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული ვერ იქნება.
"რაც შეეხება ინიციატივის დაყენებას, რომ ვინმე საქართველოში იქნეს დასანქცირებული, მერწმუნეთ, ასეთი ინიციატივების წამოყენებისას, არავის აქვს ინტერესი იმ ადამიანების უფლებების დაცვის, რომელთან მიმართებით შეიძლება კონფლიქტში არიან ის ადამიანები, ვისზეც არის სანქცირების ინიციატივა. სინამდვილეში მიზანი არის გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა, ასეთი ეჭვები მიჩნდება.
არიან ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი მოსაზრებები აქვთ, მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წავიდე და საგარეო ფლანგზე ვეცადო სანქციების მოტანას ამ ქვეყანაში, რადგან რეპუტაციული თვალსაზრისით ეს ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული ვერ იქნება," - განაცხადა სარჯველაძემ.
ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, “ალტ-ინფო” და მისი ლიდერი, კონსტანტინე მარგოშია დაასანქცირონ. ამის შესახებ ექვსი ევროპარლამენტარის საერთო წერილშია ნათქვამი.