"ეს არის სააკაშვილის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაცია" - ოპოზიცია "ვივა-მედში" მომხდარ ინციდენტზე
დაგეგმილი სკანდალი თუ შემთხვევითობა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" პოლონელი ექიმების დისკრედიტაციის საშუალება მისცა? - პოლონელი ექიმების სკანდალის შემდეგ, უკვე დაანონსებულია, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიას ხელისუფლება ვივა მედიში აღარ შეუშვებს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილის ნიმუშების თითქოს მოპარვის ამბავს ახლა ხელისუფლება მიზანმიმართულად იყენებს და სააკაშვილთან ექიმების შესვლასაც კი კრძალავს, სანაცვლოდ კი ურთიერთობას პოლონეთთან აფუჭებენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს პროპაგანდის შექმნას და პოლონური დასკვნის დისკრედიტაციას.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პაატა მანჯგალაძემ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ერთგვარ სპეცოპერაციად შეაფასა.
"ეს პროპაგანდა ხელისუფლებას წამოწყებული აქვს და ამ თემას ხელოვნურად წევენ და დღის წესრიგს ქმნიან იმისთვის, რომ შეიქმნან წინასწარ ალები, რა დასკვნაც არ უნდა გამოაქვეყნონ პოლონეთის ექიმებმა თქვან, რომ დასკვნა მიკერძოებულია, მომავალშიც თუ იქნება ევროპული ჯგუფი იტყვიან, რომ აი ის პოლონელი ექიმი რომ იყო, რომელიც წინდით აპირებდა რაღაცის გატანას ამის გამო არ ვუშვებთ, ანუ წინასწარ მოამზადეს ნიადაგი, რომ არცერთი ევროპული ექსპერტული დაწესებულება არ შემოუშვან საქართველოში, ეს არის სააკაშვილის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციის ნაწილი, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ადეკვატური სამედიცინო სერვისი" - ამბობს, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.