სასამართლო რეფორმა - ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვს
ოპოზიცია და ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობას იწყებს. მხარეებს შორის პირველი შეხვედრა ამ წუთებში იმართება.
ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვს. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე, ამბობს, რომ ხელისუფლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებას დაჩქარებული წესით ცდილობს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, დოკუმენტში ნათლად წერია, რომ ღონისძიებები სასამართლო რეფორმის შემუშავების შემდეგ უნდა განხორციელდეს.
იცით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილსაც, მთელი თავი ეძღვნება ამას და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ დაჩქარებული წესით ნიშნავს იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრებს. ახლა ერთ თვეში ვადა გაუვა არამოსამართლე წევრებს და პარლამენტი დაიწყებს დანიშვნებს და იქ ნათლად წერია დოკუმენტში, რომ ჯერ უნდა მოხდეს რეფორმაზე შეთანხმება და მერე უნდა განხორციელდეს ღონისძიებები. ხელისუფლება წინსწრებად ცდილობს, დააზღვიოს და კიდევ უფრო გააძლიეროს კლანი, რაც ეწინააღმდეგება დოკუმენტის სულისკვეთებას, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების იმედი არ აქვს „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას.
დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენ ამ რეფორმის შედეგად სასამართლოს დამოუკიდებლობას მივაღწევთ, მაინც მაინტერესებს ხელისუფლების დამოკიდებულება, როგორ უყურებს ამ საკითხს, რისთვის არის მზად ამ რეფორმის ფარგლებში და რა რეალურ შედეგს შეგვიძლია, მივაღწიოთ მთელი ამ პროცესების შედეგად, - ამბობს იაგო ხვიჩია.