"ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ პოლონელ ექიმს ნიმუშები გასაყალბებლად სჭირდებოდა
მოძრაობა "ხალხის ძალას" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ პოლონელ ექიმს ფარულად იმიტომ გაჰქონდა სააკაშვილის ნიმუშები, რომ შემდგომში ის გაეყალბებინა და ამბავი აეტეხა, რომ დაპატიმრებულ პრეზიდენტს აწამებენ.
"მას ჰქონდა ჩვევა თურმე, რომ ეს ნიმუშები წინდებით გაჰქონდა და ამიტომ საკუთარ ლაბორატორიაში აპირებდა, რომ გაეყალბებინა ეს დასკვნა, ეს ხომ ხელისგულზე დევს. შევეკითხოთ მეექვსე კლასელ ბავშვს ეს მაგალითი და ჩვეულებრივ ამოხსნის, რისთვის უნდოდა ოფიციალური ნიმუშის გარდა კიდევ წინდებით გატანილი ნიმუში საკუთარ ლაბორატორიაში. ბუნებრივია სჭირდებოდა გაყალბება, მერე ატყდებოდა იქ ამბავი, ჩაერთვებოდა იქ "აკერმანი" ეს ორგანიზაცია, რომ სააკაშვილს აწამებენ და ასე შემდგომ, მაგრამ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები" - ამბობს პარლამენტის წევრი, მოძრაობა "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.