ქვეყანას წამლების კრიზისი ემუქრება - ფარმაცევტული ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს რეპრესიებში ადანაშაულებს
ქვეყანას წამლების კრიზისი ემუქრება. ჯანდცვის სამინსიტროს ფარმაცევტული ასოციაცია რეპრესიებში ადანაშუალებს. ახალმა დაპირისპირებამ მას შემდეგ იფეთქა, რაც აზარაშვილის უწყებამ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენეტების ხელოვნური დეფიციტის შექმნაში დაადანაშაულა. თუმცა ირკვევა, რომ კრიზისი ბაზარზე მწარმოებლის ხარვეზის გამო შეიქმნა.
"სანოფი" ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტს ქართულ ქსელს საჭირო რაოდენობით ვერ აწვდის. სამინისტრომ კი ყველაფერი აფთიაქებს გადააბრალა.
ფარმაცევტული ასოციაცია ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნედლეულის ნაკლებობის გამო მედიკამენტის დამზადება ვერ ხერხდება.
"ზოგადად, ამ პრეპარატის წარმოება მთელს მსოფლიოში მიწოდების დეფიციტია იმიტომ, რომ მწარმოებელ ქარხნას, არამარტო ერთი ქარხანაა იქ რამდენიმე ქარხანა აწოდებს გარკვეული ნედლეულის პრობლემა შეექმნა. როდესაც იყო გამოცხადებული ინფორმაცია, რომ აღარ არის მარაგები, ბაზაში არ არის მარაგი, რეალურად გაიყიდა აფთიაქებში და ეს გვიან მოხდა, დეტალებში რომ არ შევიდე ეს იყო ტექნიკური გაუმართაობა ეს არ იყო, ჩემი ღრმა რწმენით, კომპანიების რაიმე ტიპის შეთანხმება" .- ამბობს ფარმაცევტული ასოციაცია.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამტკიცებს, რომ ბაზების შემოწმებისა და დოკუმენტების ამოღების შემდეგ გაირკვა, რომ მედიკამენტები სხვადასხვა ბაზაში ამ დრომდე ინახება, თუმცა სააფთიაქო ქსელებში არ იყიდება. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს ადანაშაულებს, რომ ხელოვნურად ქმნიან კრიზისს მედიკამენტებთან დაკავშირებით.
"სავალდებულოდ გავახსნევინეთ, როგორც აფთიაქებს ასევე საწყობებს თავიანთი ნაშთები. ათასობით კოლოფი სამწუხაროდ ამ საწყობში ამ კონკრეტული მედიკამენტის ადგილზე ნანახი იქნა და შესაბამისად აღწერილი გადათვლილი, ამ კომპანიის თანამშრომლებთან ერთად და შესაბამისი ოქმებით დადასტურებული. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ზეწოლა იყო იმის გამო და ეს დეფიციტი სავარაუდოდ შექმნილი, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია. ის ნაშთები, რომლებიც საწყობში იყო შეეძლოთ დღეებით და კვირით ადრე ქსელში გაენაწილებინათ. მნიშვნელოვანია, რომ აქ სხვა პასუხისმგებლობაც იყოს სოციალური პასუხისმგებლობა და მორალური პასუხისმგებლობა და არ იყოს მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, რომ ჩვენ ასეთ ფაქტს აღმოვაჩენთ და მერე ამაზე სწრაფ რეაგირებას გავაკეთებთ". - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროშია და იმ რეფერენტულ ფასებში (ფასის ზედა ზღვარი), რომელიც აზარაშვილის უწყებამ მედიკამენტებზე დააწესა.