წულუკიანი რეჟისორებს ხვდება - სტუმართა სიაში მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც მინისტრის რეპრესიებზე არაფერს ამბობენ
თეა წულუკიანი ფავორიტ რეჟისორებს ხვდება. ეროვნულ მუზეუმში კულტურის მინსიტრმა კინომცოდნეები კინოცენტრის ახალ სტრუქტურაზე სასაუბროდ დაიბარა.
სტუმართა სიაში მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც კულტურის მინისტრის რეპრესიებზე არაფერს ამბობენ. მეტიც, ფიქრობენ რომ კინოში წულუკიანი არათუ ცენზურას აწესებს, არამედ სფეროს უფრო თავისუფალს ხდის.
"პროექტებზე, რომელიც განიხილება, ჩვენ შევიტანეთ გარკვეული რაოდენობის ადამიანმა, შეიტანეს პროექტები, წარმოდგენა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კინო ცენტრი. ცენზურის გარეშე უნდა იყოს, თავისუფალი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ხელოვნება ყოველთვის იყო თავისუფალი და უნდა ყოფილიყო თავისუფალი, რაც აქამდე არ იყო. ახლა თუ იქნება თავისუფალი ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ არადა ისევ მომიწევს ქუჩაში გამოსვლა. სამხატვრო ხელმძღვანელი კი ბატონო ავირჩიოთ, დირექტორი ადმინისტრაციული უნდა დანიშნოს მინისტრმა" - ამბობს კინორეჟისორი, გენო ცაავა.
რეჟისორი, გია კაჭარავა ამბობს, რომ თეა წულუკიანმა აღიარა, რომ მის ჯგუფს შეცდომა მოუვიდა.
"ქალბატონმა თეამ თქვა, რომ რაღაც შეცდომა მოუვიდა მის ჯგუფს, ამ მოძრაობასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ამასთან დაკავშირებით და ეს, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს" - ამბობს კინორეჟისორი, გია კაჭარავა.