პოლიტიკური ქორწინებები და განქორწინებები - ის, რაც ჯერ კამერების წინ არ თქმულა

22.07.23 21:56
პოლიტიკური ქორწინებები და განქორწინებები - ის, რაც ჯერ კამერების წინ არ თქმულა

პოლიტიკური ქორწინებების და განქორწინებების კვირა  - გადამწყვეტი არჩევნების წინ დიდი გადაჯგუფებების სერიას ეყრება საფუძველი. 

ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში ოთხი, ძლიერი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება:

  • "ქართული ოცნება" და მისი სატელიტები,
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა",  
  • პროდასავლური გაერთიანება "ლელო",
  • ყოფილი მეოცნებები, რომლებმაც "ოცნება" დემარშით დატოვეს, სავარაუდოდ, გახარიას ირგვლივ გაერთიანდებიან. 

პოლიტიკური ქორწინების პირველი პრეცედენტი "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებაა. პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ვაშაძე ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ლიდერად მივიდა. მოქმედი თავმჯდომარე კი ფორმალური მმართველი იქნება. 

ახლა მთავარი კითხვაა, სად წავლენ ლიდერები, რომლებსაც ასახელებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში უნდა ყოფილიყვნენ?

მთავარი ფაქტორი ყოფილი პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიაა, რომელიც არ მალავს, რომ 2024 წელს ივანიშვილის პოლიტიკიდან გაშვებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

ასევე მთავარ ინტრიგად რჩება ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება, ნიკა მელია სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს. 

პოლიტიკურ კულუარებში განიხილებოდა ისიც, რომ ენმ-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ეროვნული ბანკის ყოფილი შეფი, გიორგი ქადაგიძე მოიაზრებოდა.

განიხილებოდა გიგი უგულავას კანდიდატურაც, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ხშირად ჩნდებოდა, ბოლო პერიოდში კი პოლიტიკური ტაიმ-აუტი აქვს აღებული. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ ყველას ვაშაძემ დაასწრო და ენმ-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სტატუსი დაიკავა. 

ცნობილია, სხვა ოპოზიციური ლიდერების პოზიციებიც - "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებას არ აპირებს.

უცნობია, ვისთან წავა და რომელ პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს ენმ-ს ყოფილი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

არსებული ინფორმაციით, პოლიტიკური განაცხადისთვის ემზადება "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილიც. პოლიტიკის მცოდნე ადამიანებს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აქტივობები აფიქრებინებთ, რომ ის პოლიტიკურ სცენაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდება. 

 

მსგავსი სიახლეები