"ოცნება" ამტკიცებს, რომ მხარდასაჭერი განცხადებებისთვის მარგველაშვილმა სააკაშვილისგან ფული აიღო
საინფორმაციო ომი გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ გიული ალასანიამ ყოფილ პრეზიდენტს ფული გადაუხადა. 11 ათას ხუთასი დოლარი ის თანხააა, რომელიც სახელისუფლებო პროპაგანდის ინფორმაციით, მეოთხე პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი განცხადებების გაკეთებისთვის გადაუხადეს.
მმართველი გუნდის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მეოთხე პრეზიდენტის მხრიდან თანხის სანაცვლოდ მესამე პრეზიდენტზე წუხილი უხერხულია.
მისთვის უნდა იყოს უხერხული, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ყოფილს პრეზიდენტზე წუხს მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. ამ წლების განმავლობაში, რომელი პოლიტიკოსებიც ვიხილეთ, რომლებიც წუხდნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, ეს ყველაფერი არის ლობიზმის ნაწილი და ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ იმ კამპანიას, რომელიც წარმართული იყო და რომელიც ახლა უკვე ჩვენი საზოგადოებისთვის ცხადია, რომელშიც გადახდილი იყო ძალიან დიდი თანხები, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.