გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის "ოცნების“ ერთ-ერთი სახე იყო - მმართველი პარტია
პოლიტიკურ რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნების“ ავანგარდში ყოფნა და არა პიროვნული რეიტინგი - ასე აფასებენ ექს-პრემიერის ყოფილი თანამოაზრეები გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური პარტიის შანსებს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ გახარიას რეიტინგის შესაქმნელად ბევრი გააკეთა.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს (გახარიას) ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ შექმნილიყო გახარიას რეიტინგი, საბოლოო ჯამში ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია, რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ, რა არის სურათი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის წევრის, ბექა ოდიშარიას, თქმით, გიორგი გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე.
ბიძინა ივანიშვილი ყველაზე რეიტინგული ფიგურა იყო თავის დროზე, როდესაც ის პოლიტიკაში იყო, წარსულშიც იყო და ახლაც ძალიან რეიტინგულია ირაკლი ღარიბაშვილი, არის კახი კალაძე, არის ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავა და სხვები. თავისთავად, ეს ბუნებრივიც არის, აქ არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის, ბატონი გიორგი გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე.
ამ ადამიანების და პოლიტიკური ძალების რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნების“ ავანგარდში ყოფნა და არა მათი პიროვნული რეიტინგი. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ დაახლოებით 47-48 პროცენტს აიღებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, პარტიის სახელწოდება ცნობილია - "საქართველოსთვის" ასე ერქმევა მთავრობის ყოფილი მეთაურის პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის პრეზენტაციაც ხვალ გაიმართება.
პარტიის ლოგო და სახელი სოციალურ ქსელში თავად გიორგი გახარიამ გაასაჯაროვა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია ხვალ 17:00 საათზე ,,ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო დარბაზში გაიმართება.