ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი - ბერდია სიჭინავა
ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი - ასე ეხმაურება ბიბისი-ს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა.
სიჭინავა ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერი უნგრეთიზაციის გზას ადგას, რაც მისი თქმით ტრაგედიაა.
"მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი იმიტომ, რომ არ მგონია, რომ ორბანის პოლიტიკის წარმატებით გამტარებელი იყოს ამ ქვეყანაში. ზოგადად უნგრეთიზაციას რომ ადგას ქვეყანა და ირაკლი ღარიბაშვილი არის უნგრულ მოდელზე გადასული ეს არის ტრაგედია. საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გვერდზე გაწევით, ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვის მიზნით, ქვეყნის ევროპულ მომავალს ყიდიან. ეს თუ არის ეროვნული იდენტობა, ეს თუ არის ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები, ამას ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად შეაფასებენ" - ამბობს ბერდია სიჭინავა.
როგორ გადაიქცა ირაკლი ღარიბაშვილი ორბანის მთავარ მოკავშირედ? ბიბისი-ს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატია განგაშის საფუძველი ხდება.
საქართველოს "ორბანიზაცია". როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსული ბიურო აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, დასავლეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის გაციების ფონზე, უნგრეთი, როგორც ჩანს, მთავარი თანამოაზრეა ევროკავშირში.
გამოცემა წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში თავისუფლების შეზღუდვისა და პუტინთან მეგობრული ურთიერთობების გამო აკრიტიკებენ, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მოსახერხებელი პარტნიორია.