ენმ-ში კონკრეტული ჯგუფები ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ, ეს უკვე ხილულად დადასტურდა - ოხანაშვილი
ენმ-ს ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებული ხმაურიანი განცხადების შემდეგ, "ოცნებაში" ამბობენ, რომ უკვე ხილულად დადასტურდა, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში კონკრეტული ჯგუფები ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ.
ანრი ოხანაშვილი ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს ფულისთვის შიდა ვიწროპარტიული დაპირისპირებას უწოდებს.
"იქ იყვნენ კონკრეტული ჯგუფები, ვინც ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ და ეს ყველაფერი დასტურდება ახლა უკვე ხილულად. როდესაც კონკრეტულ ჯგუფეს შორის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების ინტერესით და ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით ხდება საქმის გარჩევები და გადანაწილება შიდაპარტიული რესურსის, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ხალხზე ზრუნვასთან და ხალხის ინტერესებთან და მითუმეტეს ქვეყნის ინტერესებთან. ეს არის შიდა ვიწროპარტიული დაპირისპირება ფულისთვის, გავლენებისთვის და ძალაუფლებისთვის" - ანრი ოხანაშვილი.
რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა. აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.