რუსი, რომელიც ამბობს, რომ სსრკ არსებობს და ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს, გარკვეული მიზნისკენ მიდიან - ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლას და რუსი ტურისტების განცხადებებთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს პროვოკაციულს უწოდებს.
ვოლსკი ამბობს, რომ ეს ყველაფერი საფრთხისშემცველ ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.
"ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, ვინც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის არსებობს და ის ქართველი, ვინც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიედ საკმაოდ საფრთხისშემცველ ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, რომლებიც რუსეთში, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ასე რომ, პროვოკაციულია ეს ყველაფერი.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი თემა - როდის იყო გულწრფელი ოპონენტების ჯგუფი, როცა ტაშ-ფანდურით ხვდებოდნენ რუს ტურისტებს, როცა ჯერ გვამები არ იყო გაციებული, რომლებიც დაიხოცნენ და ბრძოლის ველზე მიატოვეს თუ ახლა?!"- განაცხადა ვოლსკიმ.
სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ.