უფუნქციო და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი საგამოძიებო სამსახური - უფლებადამცველები კოკა კაციტაძის უწყებაზე
უფუნქციო და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი საგამოძიებო სამსახური - ასე აფასებენ უფლებადამცველები კოკა კაციტაძის უწყებას, რომელმაც უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე შსს-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
კაციტაძის უწყებას, რომელსაც პოლიციელების წინააღმდეგ საქმეების გამოძიების ვალდებულება აქვს ტესტი ვერც ამჯერად ჩააბარა. საქმე გომელაურის უწყების მოქმედი თანამშრომელს გოგა რაზმაძეს ეხება, რომელიც გენერალურ ინსპექციას ჩვენების იძულებაში და ზეწოლაში ადანაშაულებდა. აღნიშნული საქმე კი გამოსაძიებლად ისევ უკან ამ უწყებას გაუგზავნა.
უფლებადამცველების თქმით, საგამოძიებო სამსახურმა პრაქტიკულად უარი თქვა მოქალაქეების დაცვაზე. მათ აღნიშნული შეაფასეს, როგორც "ცუდი მესიჯი" ყველა იმ ადამიანისთვის, რომლის უფლებაც დღეს ან ხვალ შეიძლება დაირღვეს.
"გამაოგნებელია რის ის, რომ ამ უწყებამ ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამე, რომ ამ უწყებას ასეთი რამ გაეკეთებინოს, განცხადება გაუგზავნა იმავე უწყებას და იგივე დანაყოფს, რომლის მენეჯმენტის ჩართული იყო ამ დანაშაულების ჩადენაში. ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლის უფლება ხვალ და ზეგ შეიძლება დაარღვიოს პოლიციის თანამშრომელმა, მათ შორის ძალიან ცუდი მესიჯი ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის იმიტომ, რომ მათი უფლებებიც შეიძლება შეილახოს სისტემის შიგნით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ უწყებამ თქვა, რომ მე ასეთ შემთხვევებზე არ ვმუშაობ, მე ასეთ შემთხვევებზე თქვენ არ დაგიცავთ და ჩაგაგდებთ ისევ იმავე უწყების ხელში, რომელმა უწყებამაც თქვენი უფლებები დაარღვია. რომ გითხრათ, რომ ძალიან გამიკვირდა ეს გადაწყვეტილება არა, მე ველოდი, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებდა ეს უწყება იმიტომ, რომ ამ ტიპის საქმეებზე ეს გადაწყვეტილება ამ ტესტს ვერ აბარებს" - ამბობს უფლებადამცველი ლონდა თოლორაია.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებლის თქმით, სახელისუფლებო ორგანოები უნდა დაფიქრდნენ იამზე, თუ რამდენად ეფექტურად ასრულებს სამუშაოებს საგამოძიებო უწყება, რომელიც ვერ იცავს მოქალაქეებს და უშუალოდ არღვევენ მათ უფლებებს.
"იმ ორგანოებმა ხომ მათ შორის პარლამენტმაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს და იზრუნოს იმასთან დაკავშირებით რამდენად ეფექტური არის ეს აღნიშნული უწყება, რომელიც ვერ ასრულებს კანონით მასზე მინიჭებულ უფლებამოსილებას, ვერ იცავს მოქალაქეებს, ან უბრალოდ ის არღვევს კანონს. ეს პერიოდი ალბათ იყო მისთვის საკმარისი, რომ ჩვენ ნათლად დაგვენახა საითკენ მიდიოდა ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით პროცესები და ვნახეთ, რომ მათ ვერანაირ ტესტს ვერანაირ გამოცდას პრაქტიკულად ვერ უპასუხეს" - ამბობს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი.