"2.8 მილიარდი ლარი დაგვიჯდა ნანგრევებში" - ენმ რიკოთზე მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს
"ნაცმოძრაობა" რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩქაროსნული გზის პროექტი ჩავარდა. 120 დღეა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო შეზღუდვა მოქმედებს და იქ გადაადგილება კონკრეტულ დროს არის შესაძლებელი. ოპოზიცია ამბობს რომ საქმე ჩინურ კომპანიასა და "ოცნებას" შორის კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.
"აღმოსავლეთ-დასავლეთი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, მათ შორის რიკოთის საუღელტეხილო გზა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების მიხედვით და დღეს 2023 წელია. ჩვენს უკან, აი, ეს მდგომარეობაა. მილიარდობით მოპარული ლარი და, აი, ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი არის კორუფცია, არის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოლიგარქიული კლანის, კორუფციული ინტერესები," - აცხადებს ვასო ურუშაძე.
ლაშა ფარულავას თქმით კი, ნანგრევებში 2.8 მილიარდი ლარი დაგვიჯდა და ეს "ჩინური ეფექტია," რომელზე "პასუხისმგებელიც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიაა."
"სანამ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ბიძინა ივანიშვილის თაღლითურ ბიზნეს სქემებს ალაგებს, ჩვენ ვხედავთ ჩინურ ეფექტს, რომელიც 120-ე დღეა გამოიხატება იმაში, რომ რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო შეზღუდვაა. 2.8 მილიარდი ლარი დაგვიჯდა ნანგრევებში.," - ამბობს ლაშა ფარულავა.