ექსკლუზივი: პატიმრის გაუპატიურება ციხეში - კადრებით მოსული ხელისუფლების დამალული ამბები
"ნოდარ მელაძის" შაბათის შოკისმომგვრელი ჟურნალისტური გამოძიება - ქუთაისის მეორე ციხეში, გავლენიანი მსჯავრდადებულის მიერ თანამესაკნეების გაუპატიურების ისტორიებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ციხე შიგნიდან გატყდა.
სისტემა პენიტენციური სამსახურის სტაჟიანმა თანამშრომელმა ამხილა - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტისთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ გაუპატიურებამდე ციხის გავლენიანი პატიმარი თანამესაკნეებს აწამებდა.
"შაბათის ეთერის" რესპონდენტი ამბობს, რომ აღნიშნული პატიმარი ქუთაისის ციხეში განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. გავლენიანი მფარველების დამსახურებით მის საკანს არც კი ჩხრეკდნენ, ამიტომ აკრძალული ცივი იარაღის და ალკოჰოლური სასმელების მთელი მარაგი ჰქონდა.
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, ამტკიცებს რომ ამ გავლენიანი მფარველების დამსახურებაა გაუპატიურებაში მხილებული პატიმარი რომ დღემდე არავის დაუსჯია. გამოძიება ფაქტის გამჟღავნებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაიწყეს, რადგან გაუპატიურების მსხვერპლი კაცი, რომელიც ფინანსური დანაშაულისთვის მცირე სასჯელს იხდიდა, ციხიდან გამოდიოდა და შეეშინდათ, რომ ფაქტი მასვე არ გაეხმაურებინა.
ყოფილმა პატიმარმა სექსუალური ძალადობის ამბავი "შაბათის ეთერს" თავადაც დაუდასტურა. მისი თქმით, გაუპატიურების პირველი ფაქტის შემდეგ გაჩუმდა, რადგან მოძალადე ემუქრებოდა, რომ ამავე ციხეში მყოფ მის ახლო ნათესავს მოუკლავდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილი პატიმარი დარწმუნებულია, რომ მოძალადეს გავლენიანი მფარველი ჰყავს, რადგან გამოძიება ორი თვის შედეგ დაიწო და უკვე ექვსი თვეა, ფორმალურად მიმდინარეობს.
კაცი ამბობს, რომ ჯოჯოხეთში ერთი თვე გაატარა. მისი თქმით, სექსუალური მოძალადე ემუქრებოდა, რომ თუ სადმე ამბავს იტყოდა ციხის ადმინისტრაცია ისეთ კორპუსში მოათავსებდა, სადაც კიდევ უფრო დიდი ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა.
ვინ არის სექსუალურ ძალადობაში მხილებული პატიმარი რატომ აძლევენ პრივილეგიებს ციხეში? - ქვეყნიდან გაქცეული ციხის თანამშრომელიც და სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც ამტკიცებენ, რომ მას პრემიერის გარემოცვა მფარველობს.
ვინ მიჩქმალა დანაშაული? - ქუთაისის მეორე ციხის უფროსი, ზურა ნინიშვილი ვისი მმართველობის დროსაც პატიმრის გაუპატიურება მოხდა სისტემიდან არ გაუშვეს, მეტიც ის გურიაში, ლაითურის ახალი ციხის უფროსად გადაიყვანეს.
მსხვერპლს ექსპერტიზა ორი თვის შემდეგ ჩაუტარეს. რომლის შედეგებიც მისთვის დღემდე უცნობია. ამ დროს კი დანაშაულის კვალი დიდი ალბათობით უკვე წაშლილი იყო.