ექსკლუზივი: ახალი ტყე ოლიგარქისთვის - ივანიშვილმა თვალი ბაკურიანს დაადგა
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება - "ქართული ოცნების" წევრსა და მმართველი პარტიის სტაჟიან მხარდამჭერს ქონების გარეშე ტოვებენ.
შაბათის გუნდმა მოიპოვა წერილი, რომელიც ლიანა მაკიევისთვის დედის მიერ დატოვებული ქონების გადაფორმებაზე უარის თქმას საფუძვლად დაედო.
ბორჯომის მერი საჯარო რეესტრს წერს რომ არ შეიძლება, ბაკურიანის ტყის პირას არსებული მდელო ლიანა მაკიევას დაურეგისტრირონ, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. მერი ამ ოფიციალურ დოკუმენტში იტყუება და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის, რადგან 2023 წლის 29 მარტისთვის ეს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
,,მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ლანდშაფტურ ტერიტორიაზე და არ წარმოადგენს სარეფორმო არეალს. ასევე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია ფიქსირდება ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში.’’
ამ ერთი ოფიციალური დოკუმენტით, ბიძინა ივანიშვილის მიწად გამოაცხადეს ის, რაც ხალხს და ლიანა მაკიევის მშობლებს ეკუთვნოდათ.
საჯარო რეესტრში დაცულ სიტუაციურ ნახაზზე კარგად ჩანს, რომ ტერიტორია, რომელიც ივანიშვილის საკუთრებად გამოაცხადეს, რეალურად ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზეა და ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის სასახლესა და ტყეს შორის მდებარეობს. ეს მდელო რომ ლიანა მაკიევას დაუკანონოს, ოლიგარქი, ბაკურიანის ტყეში საკუთარი ეზოდან პირდაპირ გასასვლელს დაკარგავს.
როგორ მიაწერეს, სახელმწიფოს კუთვნილი მიწა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს - ნოტარიულად დამოწმებული, სამკვიდრო მოწმობით ნამდვილად დასტურდება, რომ მდელო ბაკურიანის ტყის პირას და ივანიშვილის სასახლეს შორის ლაინას მაკიევს ნამდვილად დედამ, შუშანა მაკიევმა დაუტოვა.
ეროვნულ არქივში დაცული ამ საბუთით კი დგინდება, რომ ბაკურიანელი ქალი შუშანა მაკიევი, ახლა უკვე სადავო მიწას წლების განმავლობაში სახნავად და სათიბად იყენებდა, ამასთან, იხდიდა გადასახადებსაც.
როგორ გამოაცხადეს სახელმწიფო ქონება ივანიშვილის საკუთრებად? - გაუგონარი ამბის რკვევაში, შემდეგი გაჩერება ქონების მართვის სააგენტოა.
ქონების მართვის სააგენტოდან მიღებულმა პასუხმა კი, კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბორჯომის მერმა სახელმწიფო ქონება ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ მიაწერა, რადგან დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სადავო ფართი, ამ დრომდე, დაურეგისტრირებელია და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.
ლია მაკიევი ამ დრომდე ქართული ოცნების ოფიციალური წარმომადგენელია ბაკურიანში და მას არ უნდა დაიჯეროს, რომ მილიარდების მფლობელი მისი წინაპრების მიწის მისაკუთრებასაც შეეცდება.