ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, საქმე გვაქვს სიყალბესთან - ვოლსკი ბათუმში მიმდინარე აქციაზე
"ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც გადმოსჩქებს ნაციონალების ამ აქციაზე," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
მმართველი გუნდის დეპუტატმა ბათუმში მიმდინარე აქცია და აქციის მონაწილეები გააკრიტიკა. დეპუტატის შეფასებით, ბათუმში მიმდინარე აქცია ყალბია.
ვფიქრობ, ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს ნაცმოძრაობის ამ აქციაში. შეიძლება გულწრფელადაც არის ვინმე მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არა მარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერზე არიან ადამიანები, ვინც დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს... მადლობა ღმერთს, რომ თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება, არის საკმაოდ თვალშისაცემი," - ამბობს ვოლსკი.
გია ვოლსკი კვლავ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბათუმში მიმდინარე აქციაც, სხვა საპროტესტო შეკრებების მსგავსად, დესტაბილიზაციას ემსახურება.
2008 წელს ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები არ იყო ჯერ გაციებული, როცა კუდის ქიცინით ხვდებოდნენ შემოსულ რუსებს ჩვენს ტერიტორიაზე. ასე, რომ ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, ამ შემთხვევაში არის პირდაპირ საქართველოს მტრობა, რომელსაც აბრალებ კოლაბორაციონიზმს ოკუპანტ ძალასთან და გინდა გააკეთო ისე, რომ მან არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია, ეს არის მთავარი ამოცანა და ეს ხმაურიანი აქციები ამ მიზანს ემსახურება და ყალბია თავიდან ბოლომდე," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.