გავაცილებთ გემს და ოფიციალურად გავიფორმებთ გამარჯვებას, ვიცით, რომ "ასტორია გრანდე" ბათუმში აღარ დაბრუნდება - დარჩია
"გავაცილებთ გემს და ოფიციალურად გავიფორმებთ გამარჯვებას", - ეს განცხადება "ლელოს" საკრებულოს წევრმა ბათუმში, ვაჟა დარჩიამ გააკეთა. დარჩიას თქმით, ბათუმის პორტთან საღამოს 7 საათზე ანტირუსული აქცია ისევ გაიმართება.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, აქციის მონაწილეები პორტთან მანამდე იქნებიან, სანამ რუსული ლაინერი პორტს არ დატოვებს.
მთავარი მიზანი არის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა ოკუპანტებისთვის, პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტებისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე, სანამ ეს გემი არ დატოვებს ბათუმის პორტს, ვიქნებით იმ ადგილას, სადაც ეს გემი დგას. გავაცილებთ გემს და ოფიციალურად გავიფორმებთ გამარჯვებას, ვიცით, რომ "ასტორია გრანდე" ბათუმში აღარ დაბრუნდება და ეს არის მოქალაქეების პროტესტის შედეგი, ეს არის შედეგი იმისა, რომ მთელი ქვეყანა დადგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო და წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს, დისკომფორტი შეუქმნეს და იმედია, იგრძნეს, რომ ისინი არ არიან სასურველი სტუმრები," - ამბობს ვაჟა დარჩია.