ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას რეაგირება ჰქონოდა РУССКИЙ КОРАБЛЬ-დან ნაჩვენები ჟესტების გამო, დააკავა უკრაინის მოქალაქე - ბაგრატიონი
"ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას რეაგირება ჰქონოდა РУССКИЙ КОРАБЛЬ-დან ნაჩვენები ჟესტების გამო, პირიქით, დააკავა უკრაინის მოქალაქე და ამით აჩვენა, რომ ვინც დაურღვევს რუსებს კომფორტს, ყველას დავაკავებთ და გავუსწორდებით სასტიკად," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა ბათუმის პორტში მიმდინარე მო0ვლენების შეფასებისას გააკეთა.
ბაგრატიონის თქმით, სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ.
დღეს პოლიცია ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის დავალებას, რომ თავმოყვარე ერი როგორმე დაეჩმორებინა, გაებანძებინა და ესიამოვნებინა პუტინისთვის, ეს იყო დღევანდელი ქმედება პოლიციის. დღეს დაბრუნდა ლაინერი კრემლში მომღერალი მსახიობებით და მოცეკვავეებით. ამაზე გაბრაზებულ ადამიანებს დღეს პოლიცია სასტიკად უსწორდებოდა, ცემდა, ყველა დაკავებული ცემეს და ძალადობა გამოავლინა პოლიციამ," - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.