საგანგაშოა, რომ პოლიცია განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე - საია

31.07.23 18:09
საგანგაშოა, რომ პოლიცია განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე - საია

"საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს," - ამ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის პორტში რუსული ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ აქციას ეხმაურება, სადაც სამართალდამცავებმა 23 პირი დააკავეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ლაინერის "ასტორია გრანდესსთან" დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაინერის მეპატრონე სანქცირებულ პირებს შორისაა. 

საგანგაშოა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ყველა სხვა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, და, ამ საფუძვლით მომეტებულად, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით, ზღუდავს დემონსტრანტების კონსტიტუციურ უფლებებს, მშვიდობიანად გააპროტესტონ საქართველოში რუსული ოკუპაცია და რუსული გავლენები. აღსანიშნავია, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხო კორიდორი მოუწყო რუსეთის მოქალაქეებს, რათა კრუიზიდან ქალაქში მოსახვედრად დაბრკოლებები არ შექმნოდათ. ამ დროისთვის პოლიციას ისევ ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია," - წერია განცხადებაში.

საია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლოს. არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტების მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კონსტიტუციური ინტერესებიდან გამომდინარე, და, უზრუნველყოს:

 არ გამოიყენოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალა და არ დაუშვას უკანონო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა; გაათავისუფლოს აქამდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები;
შესაბამისმა დანაყოფებმა დაკავებულების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებულების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები