ანტირუსული აქცია ნაცმოძრაობის მოწყობილი პროვოკაცია იყო - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რუსულ გემზე მყოფებს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ. ამის შესახებ "ოცნების" ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ანტირისუული აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი პროვოკაცია იყო, რომლის მიზანიც არეულობის შექმნა და ასევე, ქვეყნისთვის ეკონომიკური ზიანი მიყენება წარმოადგენდა.
სახელისუფლებო პარტიის ლიდერმა ასევე საზოგადოებას მოუწოდა, 2024 წლის არჩევნებში განაჩენი გამოუტანოს, რაც მისი მტკიცებით, მშვიდობის გარანტია იქნება.
გემზე მყოფებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ, ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით ჩამოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას.
სინამდვილეში ახსნა ერთადერთია, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი საიდანაც დაახლოებით 100 ათას შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 ათასს გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა.
ნაციონალებმა იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით, ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც ნაციონალებისა და მათი პატრონების გადმოსახედიდან უკვე საქმეა. ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა. მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს პროვოკაციაზე სათანადო რეაგირებისთვის, პროვოკაციის სიმძიმისა და შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევის მიუხედავად, პოლიციელებმა იმოქმედეს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად რათა დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფოს ინტერესები.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, კვლავაც ყურადღებით დააკვირდეს ღალატის პარტიის კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეულ ქმედებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 2024 წლის ოიქტომბერში საზოგადოებამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოუტანოს გადამწყვეტი განაჩენი ქვეყანაში მშვიდობის შენაჩუნების განვითარების აუცილებელი პირობაა,- ირაკლი კობახიძე.