რუსი ტურისტების შემოსვლაზე აშშ-ს ელჩის განცხადება მანიპულაციაა, ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე - შალვა პაპუაშვილი

01.08.23 14:57
რუსი ტურისტების შემოსვლაზე აშშ-ს ელჩის განცხადება მანიპულაციაა, ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილმა კელი დეგნანი "ისტერიის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა. 

"ასეთი სახის ისტერიის წახალისება რადიკალიზმის გაღვივებას უწყობს ხელს"- უთხრა მედიას პაპუაშვილმა ბათუმში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბათუმში შეკრებილები "ენმ"-ს მხარდამჭერები იყვნენ. 

„ჩვენ ვნახეთ, რომ ძირითადად ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, მათ შორის სტუდენტები აანონსებდნენ და ვინ იყვნენ ეს სტუდენტები? იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები იყვნენ. ამბობდნენ, რომ სხვადასხვა მოქალაქეები იყვნენ. თავად იყვნენ ჩასულები, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიის ლიდერები. იმ აქციაზე სულ იყო 100-200 ადამიანი, რაც თავისთავად არ განასახიერებს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია. ეს არის აბსოლუტური მანიპულაცია, როდესაც საუბარია იმაზე, თითქოს ეს არის ხალხის ნება.

ამასთან დაკავშირებით გამოვეხმაურები აშშ-ს ელჩის განცხადებას, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. მან თქვა ეს და ამის თქმა, 150 აქტივისტის ან თუნდაც 300-500 იყოს, ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს.

საერთოდ, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს ქართველი ხალხი. ელჩები თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუკი ვინმეს ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის სახელით საუბრის ფაქტები გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და მას სჭირდება უცხოელი დამხმარე იმისთვის, რომ მისი აზრები გააჟღეროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები