პასუხი კობახიძეს: ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა
ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომელმაც მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ჩაგდებაში დაადანაშაულა, "ლელოს" ლიდერი პასუხობს. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართველი და ევროპელი ინვესტორები, რომლებსაც ანაკლიის პროექტი უნდა განეხორციელებინათ, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გაძარცვა. მისი თქმით, "ოცნებამ" ფასრის ტენდერებით აღნიშნული პროექტი მოკლა.
დღევანდელ, მორიგ ტყუილ განცხადებაზე ანაკლიასთან დაკავშირებით:
ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, "ქართულმა ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო.
ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო. რომ არა ბიძინას "ოცნების" რუსული ინტერესები საქართველოში და მისი რუსული პოლიტიკა, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით, შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით.
ეს ყველაფერი "ოცნებამ" მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!