ძალადობა პოლიციელების მხრიდან აქციის დროს - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ - ბათუმის პორტთან გამართული აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გამოძების დაწყებას საფუძვლად სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა დაედო, რადგან გუშინ ომბუდსმენის აპარატმა საგამოძიებო სამსახურს მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარტის წარმომადგენლებმა გუშინ ბათუმის პორტში გამართული აქციის დროს დაკავებულები მოინახულეს, რა დროსაც მათმა ნაწილმა პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები დაედო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს“, - წერია განცხადებაში.