დასიცხულს ჰგავდნენ კობახიძე-ღარიბაშვილი, ვურჩევ სველი საფენებით დაიმუშაონ კისერი - ბუაძე
„დასიცხულს ჰგავდნენ დღეს კობახიძეც და ღარიბაშვილიც. მინდა, ვურჩიო, რომ სველი საფენებით დაიმუშაონ კისერი, რომ არ გადაისიცხონ და მერე ასეთი სისულელეების ლაპარაკი არ გააგრძელონ,“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.
საბა ბუაძის თქმით, შავ ზღვაზე გავლენების გაზრდას ცდილობს რუსეთი და ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება ამ მიზნისკენ სწრაფვას გაუადვილებს.
ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს ხელისუფლება რუსეთის ხელდასმით და რუსეთის დავალებების შესრულების სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ანტაგონისტი, დასავლეთთან და ევროკავშირთან, აშშ-სთან დაპირისპირებულ ძალებთან ხვდება ერთგვარი ფლირტი და ამ ფლირტის ერთ-ერთი ნაწილი არის ანაკლია. რომ არა ივანიშვილი, უფრო მეტად მიმზიდველი იქნებოდა ანაკლიის პორტი და ის ბოდვითი აშლილობა და ვერბალური დიარეა, რაც მოვისმინეთ კობახიძისგან, არცერთ სიტყვა სიმართლეს არ შეიცავდა. ანაკლიის პორტში, ჯამში, 80 მილიონამდე იყო ინვესტირებული არა მხოლოდ ჯაფარიძე-ხაზარაძის თანხები, არამედ ნიდერლანდებიდან წამოსული თანხები, აშშ-დან წამოსული თანხები, იყო შეთანხმება ამერიკის უმსხვილეს პორტების ოპერატორთან და ამის საბოტაჟი მოახდინა ივანიშვილმა მხოლოდ იმიტომ, რომ გაეძლიერებინა რუსეთის ინტერესი და რუსეთის და ჩინეთის ინტერესი არის ის, რომ დასავლეთის გავლენა შავ ზღვაზე შემცირდეს,“ - ამბობს საბა ბუაძე.