რა პოლიტიკურ თანამშრომლობაზეა საუბარი? კომუნისტური პარტიის შექმნა თუ სოხუმის დაბრუნება? - დავითაია განმარტებებს ითხოვს
საქართველოს მთავრობის მიერ ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერს, პაატა დავითაიას კითხვის ნიშნებს უჩენს. დავითაია ხელისუფლებისგან ჩინეთთან პოლიიტკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.
დავითაიას თქმით, მნიშვნელოვანია რა ეწერება დოკუმენტში, რომელიც საშემოდგომო სესიაზე, სავარაუდოდ, რატიფიკაციისთვის დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში.
რა პოლიტიკურ თანამშრომლობაზეა საუბარი? პოლიტიკური თანამშრომლობა ფართე ცნებაა - ეს არის საქართველოში, პირობითად, ჩინური სისტემის ჩამოყალიბება - კომუნისტური პარტიის. შეიძლება პოლიტიკური თანამშრომლობა იყოს, რომ ჩინეთი გვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში - პირობითად, მოდის ჩინური ჯარი საქართველოს ჯართან ერთად და იღებს სოხუმს და ცხინვალს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას. მესამე, პოლიტიკური საკითხი არის ჩინეთი, საქართველო და რუსეთი ერთ სტრატეგიულ რაღაცას ქმნიან, ამიტომ უნდა მოხდეს განმარტება, ამიტომ საქართველოს პარლამენტში რომ შემოვა დოკუმენტი რატიფიკაციაზე, იქ გამოჩნდება ყველაფერი,“ - ამბობს დავითაია.
პაატა დავითაია იმ საფრთხეებს გამოყოფს, რაც ჩინეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობას შეიძლება მოჰყვეს. დავითაიას თქმით, უდიდესი პრობლემა იქნება საქართველოსთვის, თუ ჩინეთი საქართველოს რუსეთთან დერეფნად გამოიყენებს და არა ევროპისთვის.
ძალიან ცუდი სადღეგრძელოა ეს შეთანხმება, ეს არის დეკლარირება - საფრთხეებს დავინახავ, როდესაც საქართველოს პარლამენტი დაიწყებს კონკრეტულ მუშაობას ხელშეკრულებაზე ეკონომიკის, პოლიტიკის თუ სხვა დარგებში და იქნება ჩინეთის მხარეს... ახლა პრობლემა იმაშია, რომ თუ პოლიტიკური სეგმენტები გამოჩნდა, საქართველოს პარლამენტმა და ჩინეთმა უნდა გაუკეთოს რატიფიცირება... არის მექანიზმები ჩადებული კონსიტუტუციაში თავის დაღწევის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე საფრთხეებს არ ვხედავ, ამიტომ ვიძახი, რომ ცუდი სადღეგრძელოა. რატომ არის საფრთხეები - რეალურად ჩინეთის გამოყენება, ჩვენთან ხელისუფლების მიმართ რომ არ იყოს კითხვის ნიშნები რუსეთთან ურთიერთობის, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეგიძლია ჩინეთი გამოიყენო, მარტო ეკონომიკაზე არ არის საუბარი, შეიძლება შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღებებზე და სხვადასხვა ტექნოლოგიებზე,“ - ამბობს პაატა დავითაია.