გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას": თუ მაგრები ხართ, გამოგვყევით რომელიმე თემაზე კამათში

02.08.23 14:48
გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას": თუ მაგრები ხართ, გამოგვყევით რომელიმე თემაზე კამათში

მინდა მთავარი ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას - ამის შესახებ "სტრატეგია ღამაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

“გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი ევროკავშირი და ნატოა.

რას ვისმენთ რუსული რეჟიმის მხრიდან? ისევ ჭორები, შეთქმულების თეორიები, თავდასხმები, ლანძღვა-გინება, ჩვენ ამაში ვერ გამოგყვებით. თქვენსა და ჩვენ შორის განსხვავება არის სწორედ ეს. ჩვენ ვისაუბრებთ საქმეზე, თქვენ კი, რაც გინდათ ის აკეთეთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ რუსული დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში. ჩვენ წარვადგინეთ ანაკლია-ლაზიკის პროექტი, რომელიც დღეს ამუშავებული უნდა ყოფილიყო და 300 000-იანი სამუშაო ადგილი შექმნილი უნდა ყოფილიყო. თქვენ კი, ყველაფერს აკეთებთ და აგრძელებთ რუსული დავალების შესრულებას, იმისთვის, რომ ეს პროექტი საქართველოში არ განხორციელდეს. ჩვენ ვსაუბრობთ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე, ბიუჯეტში ჭარბი შემოსვლები სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. თქვენ კი, გინდათ ეს ფული ჯიბეში ჩაიდოთ და პენსიონერები იმ უმძიმეს ყოფაში ამყოფოთ, სადაც არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე, მათი განათლების, ცოდნის გარემოს გაუმჯობესებაზე, სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის დაფინანსებით ხელის გამართვაზე, თქვენ კი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ქვეყანა დატოვონ და კატასტროფული მიგრაცია ამ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდეს“-განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციას საბოტაჟის გამოცხადებაში დაადანაშაულა. 

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დევნილებს, ვეტერანებს, სხვადასხვა ჯგუფს ხელი როგორ გავუმართოთ, ფეხზე როგორ დავაყენოთ სოფელი და ქალაქი თქვენ კი, რა თქმა უნდა, კვლავ რუსულ დავალებას ასრულებთ და საბოტაჟს უცხადებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. თქვენ ურთიერთობებს აღრმავებთ და ისეთ სტრატეგიულ პარტნიორობას აცხადებთ, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მინდა მთავარი ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ჩვენი მოქალაქეების არჩევანი არის ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. 11 წელი არაფერი გაგიკეთებიათ ამ ქვეყნის გაუბედურების გარდა და ამის მაჩვენებელი არის ის კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელი, რაც დღეს არის. ჩვენ ამას წინ აღვუდგებით. თუ მაგრები ხართ საქმეზე გველაპარაკეთ, თუ მაგრები ხართ გამოგვყევით რომელიმე თემაზე კამათში, რომელიც ხალხს აწუხებს. უამრავ ადამიანს ვხვდებით, და სწორედ ეს არის გამოძახილი, რაც მათი მხრიდან არის, როგორ გადავარჩინოთ ქვეყანა დემოგრაფიულ კატასტროფას, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ გავხადოთ საქართველო მძლავრი ეკონომიკური ჰაბი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი. თქვენ კი, რუსულ დავალებას ასრულებთ და გინდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩიხი, რაღაც სისულელეებს აცხადებს, სტრატეგიულ პარტნიორობას არადემოკრატიულ ქვეყნებთან პოლიტიკური და მმართველობითი სფეროს თვალსაზრისით, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ გინდათ საბოლოოდ აღსრულებაში მოიყვანოთ რუსული დავალება. ამას ვერ შეძლებთ ვერცერთ შემთხვევაში. საქართველო იქნება ძლიერი ერთიანი, სამუშაო ადგილებს შევქმნით, კობახიძე-ივანიშვილ-ღარიბაშვილის დაჯგუფებას ვეუბნები, წინ ვერასდროს აღუდგებით", - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები