შუა დერეფანი - შავი ხვრელი რუსეთისთვის?
სანქცირებული ტვირთის გადატანაზე 4 საქმეა აღძრული, თუმცა შემოსავლების სამსახური ამ დრომდე არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა ტვირთზეა საუბარი და ვის გადაჰქონდა აკრძალული პროდუქცია რუსეთში. ფლანგვის დეტექტორს ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ გამოძიების დაწყების ფაქტი დაუდასტურა. რუსეთი კი უკრაინასთან ომის წარმოებისთვის აუცილებელი ტექნიკის მისაღებად ახალ გზებს ეძებს. ჩაეწერება თუ არა ამ მარშრუტში ე.წ. შუა დერეფანი? ჩინეთიდან მომავალი ახალი მაგისტრალი ყაზახეთსა და ყირგიზეთზე გადის და ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საქართველოა
რისთვის გამოიყენებს ამ მარშრუტს რუსეთი? ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია რეკორდულად არის გაზრდილი. საქართველოო ამ ქვეყნების ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პარტნიორად უკრაინის ომის შემდეგ იქცა. სწორედ ეს ფაქტი ბადებს ეჭვს, რომ რუსეთში სანქცირებული ტვირთები ამ მარშრუტით ხვდება. ამ ფონზე კი საქართველოს პრემიერი ჩინეთიდან პირდაპირ ყაზახეთში ჩავიდა. ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ შუა დერეფნის პროექტის განხილვა იყო.