ინჯია პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს
„ევროპელი სოციალისტები" პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. ფრიდონ ინჯია ამტკიცებს, რომ "სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში"
ინჯია "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს " საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი".
დეპუტატმა დღეს საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგაც გაილაშქა და ისინი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის მცდელობის გამო გააკრიტიკა.
ამ კოორდინაციაში ჩართულნი არიან ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტი რამდენიმე ასეული დეპუტატით, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არაერთი სხვა სუბიექტი, რომლებიც საბოლოოდ ერთი ხელიდან იმართება.
საინტერესოა, რატომ იცავენ ისინი სააკაშვილს და რატომ ცდილობენ მის გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა: დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები, აწამებდა პატიმრებს, მუდმივი რეკეტისა და შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები, დავით გარეჯი და ა.შ.
თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი სააკაშვილს იცავენ და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მაინც მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა"- თქვა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
„ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ირწმუნება, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდები მიითვისა".
ფრიდონ ინჯიას სამიზნე სააკაშვილთან ერთად, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიცაა:
"არაჟნების სპეცოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, დღეს ამერიკელებს ერთდროულად ორი მსოფლიო გმირი ეყოლებოდა, რომლებიც რუსეთს ორი ფრონტით დაუპირისპირდებოდნენ...
ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, მასშტაბური კოორდინაცია, რომელიც სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებს, ყველაფერს სრულად მოჰფენს ნათელს. სააკაშვილს საკუთარი პატრონები 2008 წლის ომს უმადლიან და მას სწორედ ამ მთავარი დამსახურების გამო იცავენ. ვხედავთ, რომ ამერიკელების შიშით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს სახელმწიფოს ინტერესების სრულად დაცვას და საგამოძიებო კომისიის შექმნისგან ისევ თავს იკავებს. როდემდე? თუმცა, სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელიც კი აღარაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია”, - განაცხადა ინჯიამ.