"ფარისევლობა"- კალაძე ბათუმში გამართულ აქციაზე
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლას მიესალმება.
"რეგვენი ყველგან არის, მათ შორის შეიძლება რუსებშიც, ქართველებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებში",- თქვა კალაძემ ბათუმში რუსული საკრუიზო გემის ჩასვლისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
"ქართული ოცნების" სხვა წევრების მსგავსად, კალაძემ პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული რამდენიმეკაციან აქციად შერაცხა".
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს იყო ფარისევლობა. ის ადამიანები, ვინც დღეს ამას გვიპროტესტებენ, 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე დღეში ოფიციალურ წერილებს აგზავნიდნენ, რომ ურთიერთობები დაეთბოთ, რუსი ტურისტები ჩამოსულიყვნენ, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა ტურისტებს, მიესალმებოდა, თუნდაც მერაბიშვილის განცხადება: „რუსულ ფულს სუნი არ ასდის“, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა. ამას ხომ არ ვიგონებ, ეს ყველაფერი ხომ რეალობაში იყო? როდესაც ქვეყანას თავს დაატყდა უდიდესი უბედურება ომის სახით, რამდენიმე დღეში მისაღები იყო ტურისტების შემოსვლა და რა ხდება დღეს?!
გახსოვთ, შემთხვევა როდესაც სააკაშვილი ლარსზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. რომელიმე ჟურნალისტი მისულიყო და ტურისტებისთვის იგივე კითხვა დაესვა. საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ამას არ უნდა შევუშალოთ ხელი. ამით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის უბრალო მოქალაქე. ვიღაც კაფეს აკეთებს, ვიღაც რესტორანს ხსნის, ვიღაც უამრავ ადამიანს ასაქმებს“,- აღნიშნა კალაძემ.
მან დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებები არ შეაფასა.
"რაში მაინტერესებს ზახაროვა, ეგ თქვენ გაინტერესებთ და თქვენ გყავდეთ მარიანა ზახაროვა“ - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.