წულუკიანის მორიგი სამიზნე? - "მითხრეს, რომ 5 დღეში მეწურება მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა"

03.08.23 17:30
წულუკიანის მორიგი სამიზნე? - "მითხრეს, რომ 5 დღეში მეწურება მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა"

მწერალთა სახლის დირექტორ ნატა ლომოურს კულტურის სამინისტროდან ცნობა მიუვიდა - წულუკიანის უწყება ლომოურს ატყობინებს, რომ დირექტორობის ვადა 5 დღეში ეწურება.

ლომოურმა უკვე მიმართა კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ითხოვს, რომ დირექტორობის ვადა გაუხანგრძლივდეს.

გუშინ დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ 5 დღეში მეწურება მწერალთა სახლის დირექტორობის ვადა.
ზოგადად ვთვლი, რომ სახელმწიფო სექტორი უნდა უფრთხილდებოდეს ისეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი განსაკუთრებული ერთგულება აქვთ თავისი საქმის მიმართ, რადგან ეს სიყვარული ყოველთვის ითარგმნება დიდ ძალისხმევაში და პროფესიონალიზმში.
მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც,  ჩემს გუნდთან ერთად, 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე დიდი სიყვარულით და ერთგულებით. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს -  ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას - რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი. 
p.s. ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე - არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროვებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!
დღეს უკვე მივმართე კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ვაცნობე, რომ დაინტერესებული ვარ ვადის გაგრძელებით," - ამბობს ლომოური.

მსგავსი სიახლეები