ყოველ წამს ვიცოდით, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავით, გადარჩენის შანსი არ გვქონდა - თვითმხილველი
„ვიყავით ჰამაკში, საშინელი ხმა გავიგეთ, გვეგონა დაბომბვა დაგვიწყეს, გამოვიქეცით,“ - შოვის სტიქიის თვითმხილველი გიორგი ხუციშვილი მომხდარს „დღის ამბებში“ იხსენებს.
ხუციშვილის თქმით, ახლა სასტუმრო შოვის ტერიტორიიდან ევაკუაცია მიმდინარეობს, მოხალისეებს მოქალაქეები რაჭის ტერიტორიიდან საჩხერეში გადაჰყავთ.
იმხელა მასშტაბის სტიქიასთან გვქონდა საქმე, მე და ჩემმა მამიდაშვილმა მეტრებში გამოვასწარით, სასწაული რაოდენობის ინერტული მასა მოწყდა, წინ იყო წყალი, უკან მეწყერი, წყევლაში რომ არის ასეთი სიტუაცია იყო. მანქანები წაიღო, ხალხია გარდაცვლილი. სასტუმროს კორპუსმა დაგვიცვა, ორივე მხრიდან წამოვიდა, წამებში მოხდა, ვიყავით ჰამაკში, საშინელი ხმა გავიგეთ, გვეგონა დაბომბვა დაგვიწყეს, გამოვიქეცით, კუნძულივით იყო... ვერტ,ფრენის გარეშე გადარჩენის შანსი არ გვქონდა, ყოველ წამს ვიცოდით, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავით, გადარჩენის შანსი არ გვქონდა ვერტმფრენის გარეშე, ვერტმფრენმა დააგვიანა, მგონი დედაქალაქიდან წამოვიდა,“ - ამბობს გიორგი ხუციშვილი.