ენმ-ს დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა - ბითაძე შოვის ტრაგედიაზე
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და ხელს ოპოზიციისკენ იშვერს. ბითაძე ამტკიცებს, რომ მონიტორინგის სამსახური, რომლის მიზანიც ჰიდროლოგიურ და ასევე გეოლოგიურ მონაცემებზე დაკვირვებაა, სწორედ წინა ხელისუფლებამ გააუქმა. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა.
ამასთან ბითაძე ირწმუნება, რომ ოპონენტები უბედურებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
კომენტარი უნდა გავაკეთო როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ადამიანმა, რომელიც სფეროში მეტ- ნაკლებად ერკვევა. ჩვენი პოლიტიკოსების და ყველა ის ადამიანის მხრიდან, რომელიც გუშინდელი დღიდან დაწყებული მთელი დღე ცდილობდა იმას, რომ ეს უბედურება გადაექცია რაღაც პოლიტიკურ აქტივად, ეს არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში. როგორც ადამიანმა, რომელიც სფეროშია გარკვეული, მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, რომელიც გუშინ გარკვეულ საკითხებზე საუბრობდა, არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციის, რომელიც ამ სახელმწიფოში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რომ დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ მონაცემებს, ასევე მეტეოროლოგიურ მონაცემებს. რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მოხდა თუ არა გარკვეული საკითხების პრევენცია - ბუნებრივია მოხდა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელის, დაახლოებით 60 - დან 110 სადგურამდე გვაქვს ჯამში ჰიდროლოგიური მონიტორინგის. ქვეყანას საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს გვაქვს ორი რადარი, რომელიც მეტეოროლოგიური პროგნოზების ძალიან მაღალ ინფორმაციულ საშუალებას გვაძლევს, რაც ჯამში გვაძლევს ზუსტად იმის საშუალებას, რაც მე დღეს ვთქვი, რომ ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი და 5 ბუნებრივი მოვლენა. თუმცა, არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ არის კლიმატის ცვლილება და თუ გავიხსენებთ, რომ ამ რეგიონში გარდა მიწისძვრის, რომელიც 90- იან წლებში მოხდა, ასეთი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში და ეს ახალი ერა არის კლიმატის ცვლილება, აბსოლუტურად უდროოა ამაზე საუბარი დღეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ინსტრუმენტალური აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის, რაც აუცილებელია პრევენციისთვის. ეს პრევენცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აზღვევს რიგ შემთხვევაში გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ არის მოვლენები, რომელთა დაზღვევა ისევე როგორც მიწისძვრის, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ბითაძემ.