როდის მოხდა კახა კალაძის შვილების რაჭიდან გამოყვანა? - თბილისის მერი "ტვ პირველს" თავს ესხმის
როდის მოხდა თბილისის მერის კახა კალაძის შვილების რაჭიდან გამოყვანა? - სტიქიის ზონაში დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრს კახა კალაძემ ბრიფინგიდან უპასუხა.
თბილისის მერის თქმით, მისი შვილები მართლაც იმყოფებოდნენ შოვში, თუმცა, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მათ ტერიტორია კალაძის მფლობელობაში არსებული ავტომობილებით დატოვეს და არა ვერტმფრენით.
კალაძემ იერიში მიიტანა ასევე "ტვ პირველზე" და მისი გაბრაზება სწორედ შოვში ჩარჩენილი ოჯახის წევრების მაძებარი ქალის ინტერვიუს ეთერში გაშვებამ გამოიწვია.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, ჩემი ცოლ-შვილი, მეუღლე არა, ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში, ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას, თუმცა, გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე, ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება, რაც დღეს გვაქვს სახეზე. ვნახე სპეკულაციები, მიზანმიმართულად ხდება და მიმდინარეობს. „ტვ პირველს“ მინდა მივმართო, ხართ სამარცხვინოები, როცა ამგვარი ტრაგედიის ფონზე ამგვარ სპეკულაციებს ავრცელებთ. სამარცხვინოები ხართ, კოლექტივი ხელმღვანელობასთან ერთად. უბრალოდ, ასაუბრეთ ქალბატონს, რომელიც უდიდესი უბედურების წინაშე დგას, რომელიც ეძებს თავისი ოჯახის წევრებს და სპეკულირებთ იმთ, რომ თითქოს ჩემმა შვილებმა ვერტმფრენის საშუალებით დატოვეს ტერიტორია. ვთქვათ, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები, იქ რომ ყოფილიყო ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში და არ უნდა გადმოეყვანათ? სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ და აკეთებთ,“ - ამბობს კალაძე.
მარიტა ბუტაშვილმა გუშინ სტიქიის ღამეს სხვადასხვა მედიასთან აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია კალაძის შვილების ვერტმფრენით ევაკუაციასთან დაკავშირებით.
მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძის ცოლ-შვილი აქ იმყოფებოდა. როგორც ჩანს, დაინახეს, რომ იქ ხალხი იყო და ჯერ ეგენი გამოიყვანეს. დრო მოანდომეს იმას, რომ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად იყო და აღარაფერი არ ემუქრებოდა, გამოეყვანა ეგენი. ჩვენი ხელისუფლება არაფრის მაქნისია და ყველას გაგვწირავენ,“ - ამბობდა მარიტა გუტაშვილი.