წარმოდგენილი იქნება კვლევა, რომელიც ჩავატარეთ, რათა გაგვეგო მხარდამჭერების აზრი - დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ,,ენმ"-ს დაკვეთით მხარდამჭერებში ჩატარებული კვლევის პასუხები იქნება წარმოდგენილი. დეკანოიძის თქმით, ის თავად მხარს დაუჭერს, რომ პარტიამ საპარლამენტო საქმიანობა განაგრძოს.
დეკანოიძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხთან დაკავშირებით.
,,ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ახლა ამ ახალ მოცემულობაში, ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად და მათ შორის, საქართველოში ,,ქართულ ოცნებას" ამ ისედაც მიტაცებულ ქვეყანაში არ ჰქონდეს კომფორტი, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა მათ ვერ გაიგონ. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ცნობილია, მე მხარს დავუჭერ დღეს სხდომაზე პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის გაგარძელებას.
რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, დღეს წარმოდგენილი იქნება ჩვენთვის კვლევა, რომელიც ჩავატარეთ, რათა გაგვეგო ჩვენი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი აზრი და იცით, რომ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველა ერთად, ნებისმიერ საკითხზე რაც არ უნდა ცხარე არგუმენტია გამოიწვიოს ამ საკითხმა, შევჯერდებით,“- თქვა დეკანოიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.