უნდა გამოიკვეთონ ის დამნაშავე პირები, ვინც სპეციალისტების პროგნოზზე რეაგირება არ მოახდინეს - ცისკარიშვილი
ოპოზიცია შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილის თქმით, უნდა გამოიკვეთოს ის დამნაშავე პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც სპეციალისტების პროგნოზი უგულებელყოფეს და პრევენციული ზომები არ მიიღეს.
პოლიტიკური პასუხისმგებლობაა რუსული ოცნების ხელისუფლების, რომლებიც ავაზაკურად, ბოროტულად პოლიტიკური ნიშნით არჩევენ იმ ადამიანებს და იმ ობიექტებს, ვის უნდა დაეხმარონ, ვისთან უნდა ააშენონ ჯებირი და ბარიერი, ვისთან ეს სამუშაოები არ განახორციელონ და მეორე, უნდა გამოიკვეთოს კონკრეტულად ის დამნაშავეები, ვისაც ევალებოდა და ვისი ვალდებულებაც იყო, რომ წინასწარი შეტყობინების და ამ განგაში ატეხვის ფონზე, როდესაც რეინჯერებიც კი საუბრობდნენ, რომ შეგუბება ხდება მდინარის, მდინარე არ მოედინება, სადღაც ჩაიხერგა, ერთ მშვენიერ დღეს, რაღაც მომენტში გამოხეთქავს ამ ხელოვნურად შექმნილ ჯებირს ეს შეგუბებული წყალი და წალეკავს ყველაფერს. ამაზე ადამიანებმა რეაგირება არ მოახდინეს. ოღონდ ეს გამოძიება არ იყოს ქოცების მიერ გამოძიებული, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქის 18 ადამიანი ემსხერპლა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მაშველები ამ დრომდე კიდევ 16 ადამიანს ეძებენ.