შოვის ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით - ოთარ შამუგია

07.08.23 16:18
შოვის ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, პირველადი დასკვნის თანახმად, მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა.

მინისტრის თქმით, სპეციალისტების წინასწარი შეფასების მიხედვით, კომპლექსური მოვლენები, რომლებმაც ღვარცოფი გამოიწვია, 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა.

შამუგიას მტკიცებით, მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია.

მინდა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი დეტალები მივაწოდო, რაც წინასწარი შეფასებით დადგინდა. სტიქია იმით დაიწყო, რომ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. ის შემდგომში შეეჯახა მყინვარს, გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მოჰყვა მეწყრული პროცესები და ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. სპეციალისტების დასკვნით, ეს ყოველივე სტიქიის 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა. საუბარი იმაზე, რომ მდინარის ორდღიანი დაგუბება იყო, ეს არასწორი ინფორმაციაა. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლისგან აღებული მონაცემების თანახმად, სტიქიამდე და სტიქიის დროს მდინარის წყლის დონის სხვაობა არ დაფიქსირებულა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის ხანგრძლივი შეგუბება ვერ იარსებებდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველადი დასკვნის თანახმად, ეს მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს დასკვნა ყველა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა პოლიტიკოსებს განცხადებების გაკეთბისას სიფრთხილისკენ მოუწოდა:  "მოვუწოდებ, რომ თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“