15 წელი აგვისტოს ომიდან - პრეზიდენტის გარდა, მუხათგვერდის სასაფლაოზე მთავრობის წევრები არ მისულან
15 წელი აგვისტოს ომიდან. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებდნენ. მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც რუსეთის სისასტიკე 2008 წლის აგვისტოში საკუთარ თავზე გადაიტანეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მებრძოლმა გმირებმა დღეს ხელისუფლებას უთხრეს, რომ პოლიტიკა რომელსაც ისინი აწარმოებენ პრორუსულია, 15 წლის შემდეგ კი ქვეყნის უიარაღო ოკუპაცია მიმდინარეობს.
15 წლის წინ 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. რუსულ აგრესიას საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე გმირებისთვის პატივის მისაგებად არ მისულან ხელისუფლების წევრები. „ოცნება“ უკვე წლებია, ჯიუტად აგრძელებს რუსულ პროპაგანდას და ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს ასახელებს. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან დღეს ერთადერთი პრეზიდენტი იყო, ვინც დღეს მუხათგვერდში გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.