აბსოლუტურად გაუგებარია ეს სპეკულაციები - კალაძე ომის თარიღზე

08.08.23 10:28
აბსოლუტურად გაუგებარია ეს სპეკულაციები - კალაძე ომის თარიღზე

საზოგადოების პროტესტს, რომ აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო და არა 8 აგვისტოს, როგორც ამას "ოცნება" ამტკიცებს, თბილისის მერი, კახა კალაძე სპეკულაციებს უწოდებს.

"აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები. გადახედეთ წარსულს. არ მინდა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ვნახეთ, რომ 2013-2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს გამოდიოდა და 8 აგვისტოს ამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის. დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა.

"ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", – განაცხადა კალაძემ.