ცხედრები მიატოვეს, რომ არა პატრიარქი, მათი გადმოსვენებაც ვერ ხერხდებოდა - პრემიერი ისევ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს

08.08.23 10:58
ცხედრები მიატოვეს, რომ არა პატრიარქი, მათი გადმოსვენებაც ვერ ხერხდებოდა - პრემიერი ისევ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს

აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე ირაკლი ღარიბაშვილი ომის პროვოცირებაში საკუთარ ქვეყნას ადანაშაულებს. ქვეყნის პრემიერი ყოფილ ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ მათ გმირი სამხედროების ცხედრები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიატოვეს.

ღარიბაშვილის თქმით, რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, რომ პატარა ბავშვი გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა პროვოკაციას, რაც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა.

„9 აგვისტოს, მაშინ, როცა ჩვენი ქალაქები იბომბებოდა და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ, ბრძოლის ველზე გმირულად იღუპებოდნენ, გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. 

ამას მარტივად, პატარა ბავშვი გათვლიდა შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა პროვოკაციას, რომელიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. ამ კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის, ქვეყნის დაცვაზე. ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.