პრეზიდენტი ენმ-ს პოლიტიკას აჰყვა - პაპუაშვილი

08.08.23 11:20
პრეზიდენტი ენმ-ს პოლიტიკას აჰყვა - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე აგვისტოს ომის 15 წლისთავზეც კი საქართველოს პრეზიდენტს ენმ-სთან პოლიტიკური ალიანსში ადანაშაულებს.

შალვა პაპუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას აჰყვა ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით და ამიტომ, დღეს, დაღუპულების ოჯახებთან არ არის ძმათა სასაფლაოზე.

ეს თარიღებით მანიპულაცია, ძალიან არასწორია. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო, 2008 წლიდან მოყოლებული 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო, ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას. როდესაც ყველა სახელისუფლებო ბერკეტი დაკარგეს, ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ არა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე. ამის პასუხია თავად „ნაციონალური მოძრაობის“ არსსა და მიზანში, მათი არსი და მიზანია გახლეჩა, საზოგადოების დაპირისპირება, ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან არ არის ძმათა სასაფლაოზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, რატომ აგზავნიდნენ გუშინ, 7 აგვისტოს სამძიმრის წერილებს აშშ და საელჩოები, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ "ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რა და როგორ არის". 

7 აგვისტოა დღე, როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა  საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები,  ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს.