ყოველ წელს ნუ სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი - ბურჭულაძე
ყოველ წელს ნუ სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი, ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა 8 აგვისტოს აღნიშნავდა, ჩვენც 8 აგვისტოს აღვნიშნავთ - ასე უპასუხა 2008 წლის ომის თარიღთან დაკავშირებულ კითხვას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის თქმით, მისი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როდესაც არ ყოფილა ომი.
„თქვენ გულისხმობთ, რომ ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი? მთელი ცივილური სამყარო არ სვამს ამ კითხვას, თქვენს გარდა. ყოველ წელს ახსენებთ და სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი. ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა 8 აგვისტოს აღნიშნავდა, განკარგულებაც არის გამოცემული. ჩვენც 8 აგვისტოს აღვნიშნავთ.
თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი. ეს სენსიტიური საკითხია. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როდესაც არ ყოფილა ომი. როგორ შეიძლებოდა აცილება? ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან პოლიტიკას, ორიენტირებული ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, არ ყოფილა კონფლიქტი“, - აღნიშნა მინისტრმა.