შოვში იყო ყველანაირი საშუალება, მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც გადარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა - კობახიძე
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ შოვში, ვერტმფრენები ამოცანების შესასრულებლად "სრულიად საკმარისი იყო". ირაკლი კობახიძე სტიქიური უბედურების ზონაში ჩარჩენილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ტყუილს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვერტმფრენი ადგილზე 3 საათის დაგვიანებით არ მისულა.
ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მონიტორინგის სისტემა ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილზეა დამონტაჟებული.
ვერტმფრენები იყო თავიდან ბოლომდე საკმარისი იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც იდგა სამაშველო სამსახურის წინაშე. სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და მაგალითად, ქართულ ოცნებას უთხრა უარი? სერიოზულია ახლა ამ კითხვის დასმა?
იქ იყო ყველანაირი საშუალება, რომ მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გადარჩენის შესაძლებლობა.
მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილზე, მათ შორის, რაჭაში არის 20 ასეთი აპარატურა დამონტაჟებული, კონკრეტულად შოვის ტერიტორიაზე წყლის მონიტორინგი ხორციელდებოდა და დღეების განმავლობაში გარდა იმ რამდენიმე წუთისა, რომელიც უკავშირდებოდა უშუალოდ სტიქიას, არც ერთი წუთით არ დაფიქსირებულა წყლის დონის ან მატება, ან კლება, რაც შეიძლება გამხდარიყო სტიქიის პროგნოზირების საფუძველი". - განაცხადა კობახიძემ.