ჩვენ დღეს გვესმოდა კრემლის ხმა, ამ ხმას საქართველოს პრემიერი აჟღერებდა - სამადაშვილი
ჩვენ დღეს გვესმოდა კრემლის ხმა, ამ ხმას საქართველოს პრემიერი აჟღერებდა - ასე ეხმიანება 2008 წლის ომზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ რაც რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით ვერ განახორციელა, განახორციელა არჩევნების გზითდა საქართველოს დღეს მართავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება.
ჩვენ დღეს გვესმოდა კრემლის ხმა, ამ ხმას აჟღერებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ აგრესიის შეჩერება იყო შეუძლებელი, იმიტომ, რომ ამ აგრესიის მიზანი და ამოცანა იყო, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეცვლა და ჩვენ შევაჩერეთ ეს მცდელობა 2008 წელს, როდესაც გმირულმა ბრძოლამ, მათ შორის ჩვენი სამხედროების და ჯარის, უზრუნველყო ის, რომ ჩვენ მოგვეცეა საკმარისი დრო, გაგვეწია შესაბამისი დიპლომატიური ძალისხმევა, რომ შეგვეჩერებინა იმ ამოცანის განხორციელება, რაც მაშინ ჰქონდა რუსეთს. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა და რუსეთმა უკვე არჩევნების გზით განახორციელა ის ამოცანა, რომელიც ვერ განახორციელა სამხედრო ინტერვენციის გზით 2008 წელს და დღეს საქართველოს მართავს რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება". - ამბობს სამადაშვილი.
პრემიერი საქართველოს წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი ომის დაწყებაში ისევ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს. აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე ძმათა სასაფლაოზე ასულმა ღარიბაშვილმა დღეს რუსეთის ხელისუფლების გზავნილი ერთი-ერთში გაიმეორა, თქვა, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი იყო და რომ წინა ხელისუფლებამ გაწირა ქვეყანა.